26 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
შსს-ს განცხადებას, რომელიც რეიდის დროს დაზარალებული მოქალაქის დიაგნოზის გასაჯაროებას ეხება, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექცია სწავლობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას სწავლობს.

არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა გიორგი გახარიას უწყების მიერ დაზარალებული მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას მოჰყვა. იმის დასამტკიცებლად, რომ 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება პოლიციის რეიდებს არ მოჰყოლია და ქალბატონს ქრონიკული დაავადება აწუხებდა, სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში სამედიცინო დიაგნოზი ჩაწერა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით გახარიას უწყებამ, ამ სამართალდარღვევით პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გადაფარვა სცადა.

ახმეტის რაიონში, ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები ორ-დღიანი რეიდების დროს მოულოდნელ ჩხრეკაზე შევიდნენ, რა დროსაც ოჯახის 31 წლის წევრს ინსულტი განუვითარდა და ამ დრომდე კომაშია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ერთად გახარიას უწყების მიერ დაზარალებული მოქალაქის სამედიცინო დიაგნოზის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია ასევე ინტერესდება საერთოდ რამდენად კანონიერი იყო პოლიციელების რეიდის დროს ოჯახში მოულოდნელი ჩხრეკის ჩატარება.

პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას უარყოფს თავად შსს. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ახალგაზრდა ქალის სახელი და გვარი ინიციალებით იყო ნახსენები და აქედან გამომდინარე  კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არ დაურღვევიათ. უწყება არაფერს ამბობს იმაზე, რომ განცხადებაში ნახსენები იყო ოჯახის გვარი და ჩატარებული ოპერაციის ადგილმდებარეობა. ამასთან, ციტირებული იყო სამედიცინო დიაგნოზი, რომლის გასაჯაროებაც მოქალაქის ნებართვის გარეშე აკრძალულია.


 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები