22 სექტემბერი 2018,   21:57
ვრცლად
ეს არის ცეცხლთან თამაში და საქართველოს ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს - ჩეჩენი ბლოგერი პანკისში შექმნილ ვითარებაზე

„თუ საქართველოს ხელისუფლება საღ აზრს გამოიჩენს, შეძლებს ვითარების განმუხტვას და მღელვარების აღკვეთას,“ - ეს განცხადება ბლოგერმა, ტუმსო აბრურახმანიმ, პანკისში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

ტუმსო აბრურახმანი კურიერთან ინტერვიუში პანკისში შექმნილ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია საქართველოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს.

„პანკისი, ზოგადად, პრობლემური ზონაა. ვფიქრობ, ხელისუფლება ამას აცნობიერებს, რომ საკმარისია პატარა ნაპერწკალიც რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. ეს არის ცეცხლთან თამაში და საქართველოს ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს,“ - აცხადებს ბლოგერი.

აბრურახმანს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის თავის მოწონებას ცდილობს.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, არ გაართულოს ურთიერთობა რუსეთთან, არ გააღიზიანოს ისინი და უფრო მეტიც, თითქოს ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს. ჩემი აზრით, ეს არასწორი პოლიტიკაა,“ - განაცხადა ტუმსო აბრურახმანიმ.

ბლოგერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება ქვეყნისთვის წაგებიანი იქნება.

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკის შედეგი იქნება დასავლური კურსიდან გადახვევა. ის წარმატებული ტენდენცია, რომელსაც ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება და საქართველოში ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების გაჩენა მოჰყვა, უბრალოდ, აღარ იარსებებს,“ - აცხადებს ტუმსო აბრურახმანი.

ტუმსო აბრურახმანი თბილისიდან ევროპაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა.

დღის ამბები