26 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ორჯერ ჩაგდებული ბიუჯეტი - თიანეთის საკრებულო ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია 

ორჯერ ჩაგდებული ბიუჯეტის პროექტის შემდეგ, თიანეთის საკრებულო ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. დღეს გადაწყდება, ექნება თუ არა თიანეთს 2018 წლის ბიუჯეტი. მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობა ჯერ საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე გაიმართება, ხოლო შემდეგ განხილვა საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება.

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ ორჯერ ისე დაიწუნა და მერიას უკან დაუბრუნა, რომ დოკუმენტზე არ უმსჯელია. მეჭიაური მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად მართულს უწოდებს და ამაში ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს.

„გუბერნატორი არის ჩარეული, აწარმოებს მოლაპარაკებებს და მე მგონი დღის წესრიგში ჩასვამენ. მოსახლეობაც აღშფოთებულია უკვე, აქ ძალიან ბევრი მიმართულებით იქმნება პრობლემები ბიუჯეტის არ დამტკიცების გამო. ხელოვნურად ხდება პარალიზება პროცესების, რათა ხელი შეგვიშალონ საქმიანობაში. ეს არის ქუცნაშვილის დირექტივები,“ - განაცხადა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მარტის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თიანეთში შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

„ეს აბსურდული ბრალდებაა, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის ძირითადი შენიშვნები, რაზეც საკრებულოს ჰქონდა პრიორიტეტები. კიდევ ერთხელ განვიხილავთ და მოგვიწევს მსჯელობა და შემდეგ ვნახავთ რას მოგვიტანს კომისიის დასკვნა,“ - აცხადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური.

დღის ამბები