26 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
შრომის ინსპექტირების უფროსი მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

„პირველადი შეფასებით ფიქსირდება გარკვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა,“ – ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ თბილისში მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მუშის გადმოვარდანასთან დაკავშირებით გააკეთა.

26 წლის მამაკაცი ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის დეპარტამენტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შეისწავლის კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას.

„კომპანია გამოიყენებდა არაქარხნული წესით დამზადებულ მოაჯირებს და ხარაჩოებს. ჩვენ შევისწავლეთ რამდენად ხდებოდა კომპანიის მხრიდან ეფექტური შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა, რაც გულისხმობს, საფრთხეების შეფასებას და რისკების იდენტიფიცირებას, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს კომპლექსურად იმის საშუალებას, რომ აღვწეროთ, რას უკავშირდებოდა უბედური შემთხვევა,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მუშების თქმით, მას გაჯის გადატანა ევალებოდა და შენობის შიგნით უნდა ემუშავა, თუმცა აივანზე თავად გავიდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.

ისინი ასევე, კანონპროექტის მოსმენის გაჭიანურებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „კაპიტალ კონსტრაქშენი“ აწარმოებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები