26 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ქსენია სობჩაკის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერს" ვაშინგტონიდან

ერთ თვეში რუსეთი პრეზიდენტს ირჩევს. მეოთხე ვადით ლიდერის პოსტისთვის ისევ პუტინი იბრძვის, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციის მთავარ კანდიდატს - ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ, ოპოზიცია ყოფილი ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის, გარშემო გაერთიანდა.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გასულ კვირაში ვაშინგტონში ჩავიდა და კურიერს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დასთანხმდა.

სობჩაკს მარტში არჩევნების მოგების იმედი არა აქვს და ის სახელმწიფო სათათბიროში ადგილისთვისაც იბრძოლებს. რეჟიმის შეცვლას კი ევოლუციური და არა რევოლუციური გზით გეგმავს.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქსენია სობჩაკს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სწრაფი მოქმედების გეგმა არა აქვს. ის აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს, თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაუყოვნებლივ დეოკუპაციაზე დაპირებას არ იძლევა.

„მე ვიზიარებ იმას, რომ საქართველოს ერთიანობა უნდა არსებობდეს და არავინ დაარღვიოს საქართველოს საზღვრები. ვფიქრობ, დღესდღეობით კონფლიქტი ამოწურულია. ეს არის ხანგრძლივი, დროში გაწელილი დიდი კრიზისები, რომლებიც ყველამ ერთად უნდა მოაგვარონ. მე არ მაქვს რამე რეცეპტი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ისინი პირდაპირ ახლა. უნდა ვითანამშრომლოთ ექსპერტთა ჯგუფებთან, შევქმნათ კომისია და ვიმუშაოთ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც დიდი ხანია, სიღრმისეულად არიან დაკავებული ამ თემებით. სხვანაირად ამის გადაჭრა შეუძლებელია,“ - აღნიშნა სობჩაკმა.

სობჩაკს არ აღიზიანებს ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან და საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ. იმასაც ხაზს უსვამს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია.

ამერიკის ადმინისტრაცია 18 მარტის არჩევნების მიმართ სკეპტიკური და შეიძლება ითქვას, ინდეფერენტულია. ვაშინგტონში საპრეზიდენტო არჩევნებზე ცვლილებებს არ ელოდებიან. 

დღის ამბები