26 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ავარიული საჯარო სკოლა მარნეულში, სადაც განათლების სამინისტროს დაპირების შესრულებას ელიან

მარნეულის რაიონში, ცოფის საჯარო სკოლას ინფრასტრუქტურულად გაუმართავია. 1947 წელს აშენებულ სკოლაში ყველა საკლასო ოთახის იატაკი სიძველისგან დალპა და ჩატყდა. კედელებზე გაჩენილი ბზარებიდან კლასებში სიცივე შედის და ოთახებს შეშის ღუმელი ვეღარ ათბობს.

მასწავლებელი, ელზა კურტანიძე მოსწავლეების ჯანმრთელობაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავს.

ავარიულობა სკოლის გარე ფასადსაც ეტყობა. შენობის საძირკველი მოშლილია, ამიტომ კედლები მიწისკენ უფრო ღრმად იწევს. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ავარიულ სკოლასთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ავარიულ შენობას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს დირექტორიც, თუმცა სასწავლო პროცესს მაინც არ წყვეტს.

სკოლის ალტერნატიული ფართი მის გვერდით მდებარე სოფლის კლუბია. დირექტორის თქმით, 70 მოსწავლისთვის მეორე შენობის ოთხი ოთახი არ არის საკმარისი.

მარნეულის რესურსცენტრში ცოფის სკოლის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, თუმცა ამბობენ, რომ მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რესურსცენტრში ამბობენ, რომ სკოლის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი განათლების სამინისტროს სსიპ-ს უნდა ჰქონდეს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოშიც ამტკიცებენ, რომ ცოფის სასწავლებელი ავარიული არ არის.

ადგილობრივები განათლების სამინისტროს დაპირების შესრულებას, სკოლის აშენებას, ელოდებიან.

ავტორი: ნანა სისვაძე.

დღის ამბები