21 სექტემბერი 2018,   18:53
ვრცლად
პოლიტიკური თავშესაფარი ევროპაში და კრიმინალის გადინება - საპარლამენტო უმცირესობა ვიზალიბერალიზაციისთვის საფრთხეს ხედავს

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დასრულდა.  დეპუტატებს მთავრი კითხვები ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან, მოახლოებულ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით და ევროპასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოდან ემიგრაციაში წასულ ათეულობით ადამიანს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროპულ მომავალზე და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უარყოფითად აისახება.

"ხუთი წლის განმავლობაში თქვენი ახლანდელი ხელისუფლების ყოფნის დროს რამდენიმე ათეული შემთხვევა ვიცით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებისა ევროკავშირის ქვეყნების მიერ და ეს არის პრობლემა. თქვენ ჩვენ მოგწონვართ, როგორ პირსისხლიანებად მიგაჩნივართ თუ არა,  ეს კი არ არის აქ დისკუსიის საგანი, დისკუსიის საგანია, რომ ეს არგუმენტი იქნება გამოყენებული ჩვენი არაკეთილისმოსურნე და ნეიტრალური დამოკიდებულების ადამიანების მიერ იმ დისკუსიის, რომელიც გერმანიის შს მინისტრმა წამოიწყო,“- განაცხადა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, როგორია მინისტრის შეხედულება, ხომ არ შექმნის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემას  საქართველოს ხელისუფლების არსებული მიდგომა ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობის კუთხით.  

"ის, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას შეექმნას საფრთხე არის თუ არა უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც "ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში“- განაცხადა ნადირაშვილმა.  

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ იმაზე საუბარი, რომ საქართველოდან კრიმინალი უცხოეთში გაედინება გაზვიადებულია.

"კრიმინალის გადინება საქართველოდან ჩასვლა ევროპაში, რა თქმა უნდა,  უტრირებულია, თუმცა არ არის თვალდასახუჭი პრობლემა, ვფიქრობ არსებულ კრიმინალს თუ კიდევ დაემატა აქედან ჩასული რთული ამოცანის წინაშე დავდგებით,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

თავად ჯანელიძემ კი დეპუტატების საპასუხო განცხადებისას აღნიშნა, რომ საქართველო თანამშრომლობს ევროპის ქვეყნებთან კრიმინალის წინააღმდეგ მუშაობის კუთხით, მისი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დადგება.

"ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, რომელიც ჩვენი პარტნიორების წუხილის საგანს წარმოადგენენ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში აგებენ პასუხს იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ისინი ჩადიან,“- განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები