04 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებენ.

საკითხი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დადგა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე გასაიდუმლოებული ფაქტები აუცილებელია საჯარო გახდეს.

„მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტის ბიურომ დანიშნა დღე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ მუხთარლის შემთხვევას და აუცილებელია, რომ შედგეს კომისია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი პარლამენტისთვის ღირსების საკითხი,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიზანშეწონილი არ არის.

„არ შეიძლება რომ ერთმა ორგანომ შეითავსოს მეორე ორგანოს ფუნქცია. უნდა დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, ხოლო ამის შემდგომ თუ საჭირო გახდა კომისიის შექმნა, გამომდინარე იქიდან თუ ღია დარჩა გარკვეული საკითხები, მხოლოდ ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შესაბამისი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხატიძე.

დღის ამბები