26 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
გაორმაგებული და გასამმაგებული ხელფასები - სამინისტროების მაღალჩინოსნების მიერ საკუთარ თავზე მორგებული კანონი

კანონი, რომელიც 14 სამინისტროს ყველა მაღალჩინოსანმა საკუთარ თავზე მოირგო - "საჯარო სამსახურის" კანონის ამოქმედების შემდეგ 14 სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუორმაგდათ და ზოგიერთ შემთხვევაში გაუსამმაგდათ. კანონი, რომელიც მინისტრის მოადგილეებმა სათავისოდ გამოიყენეს, პარლამენტმა მიიღო.

საქართველოს მთავრობაში რეკორდსმენი ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. გიორგი თაბუაშვილის ხელფასი, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან მალევე, გასამმაგდა. კანონის ძალაში შესვლამდე თაბუაშვილის ხელფასი 2950 ლარი იყო. ახლა ფინანსთა მინისტრის მოადგილე თვეში 8500 ლარს იღებს. ანუ, წელიწადში ერთი მაღალჩინოსნის მხოლოდ ხელფასი ხალხს 102 ათასი ლარი უჯდება.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, სამინისტროებიდან თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები გამოითხოვა, რომლის დაანგარიშების შემდეგ დაადგინა, რომ ჩინოვნიკებმა კანონი საკუთარ ენაზე თარგმნეს და სათავისოდ გამოიყენეს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს წლების განმავლობაში გაცემული მილიონობით ლარის პრემია დანამატის პრობლემა უნდა მოეგვარებინა, ოპოზიციის მტკიცებით კი, ახლა გამოდის, რომ ჩინოვნიკებმა მუდმივი დანამატები გამოიწერს, ის ხელფასს მიუმატეს და ჯამში ორმაგ ან უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ.

თაბუაშვილის გარდა, ფინანსთა მინისტრის კიდევ ორი მოადგილის ანაზღაურებაც 2-ნახევარჯერაა მომატებული. 2720 ლარის ნაცვლად, ისინი ახლა უკვე 7250 ლარს იღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კანონში ხარვეზია, რომელსაც მაღალჩინოსნები საკუთარი შემოსავლების გაზრდისთვის იყენებენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ რისკი იმისა, რომ თანამდებობის პირებმა კანონის ბუნდოვანი ნორმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, თავიდანვე არსებობდა თუმცა მის შესწორებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა.

კიდევ ერთი უწყება, სადაც კანონის მიხედვით, გაერთიანებული ხელფასისა და დანამატის მიუხედავად, თანამდებობის პირები უფრო გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

ქართული ოცნება მთავრობის წევრების მიერ ერთი მიზნისთვის დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების ხელფასების გაზრდისათვის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს.

 

დღის ამბები