26 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
ქართველი სამხედროების პირადი მონაცემების დაცვის საკითხი, ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა

ქართველი სამხედროების პირადი მონაცემების დაცვა არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს თან ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაცია და ასევე, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლების პირადი ტელეფონის ნომრები. 

ქართული არმიის ოფიცერი, დავით მაყიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტების უმეტესობა, რეალურად, რუსული სპეცსამსახურების საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატანილი ინფორმაციაა.

დავით მაყიშვილის თქმით, ინფორმაციას ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები თბილისიდან იღებენ.

ვეტერანთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელი, ვლადიმერ იმნაძე ვერ იძლევა გარანტიას, რომ მონაცემებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ვერ მოიპოვებენ.

სუს-ში არ პასუხობენ კითხვას, თუ როგორ მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტატუნაშვილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

თავდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მოქმედ და რეზერვში მყოფ სამხედროებზე სამინისტროდან ინფორმაციის გაჟონვის ალბათობა არ არსებობს.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუსეთი ნებისმიერი სამხედროს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან პრობლემების გარეშე მოიპოვებს.

ამ საკითხის განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე აპირებს.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები