26 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა ორი წლის ბავშვზე - "კურიერის" ინფორმაციით, ძიძა, რომელმაც ბავშვზე იძალადა, ბაღში მუშაობას განაგრძობს

თბილისის საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვს მასწავლებელმა ცემა. ძალადობის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ძიძა მცირეწლოვანს, დაზიანებას თავის არეში აყენებს.

ამ კადრების სრული ვიდეოჩანაწერი ახლა პროკურატურაშია. ბავშვის დედა, ქრისტინე მირზოიანი იხსენებს, რომ ბაღიდან ბავშვი ნაცემი ხშირად ბრუნდებოდა.

ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელი პოლიციამ უკვე დაკითხა. „კურიერის“ ინფორმაციით, მან დანაშაული სამართალდამცველებთან საუბრის დროს აღიარა.

ძიძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ბაღის დირექტორი კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მშობლების პროტესტის შემდეგ პედაგოგი სამსახურიდან მაინც გაათავისუფლა. თუმცა, ბაღში მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს, ძიძა მანანა თაკალანძე ადგილზე დახვდა.

აგრესიაში ბრალდებული პედაგოგისგან დაზარალებული 2 წლის ბავშვი მშობლებმა სხვა ბაღში გადაიყვანეს. აღნიშნულ ბაღში ყვებიან, რომ აღსაზრდელი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო რეაბილიტაციის კურსს გადის, აქვს პანიკური შიში და ექიმების დახმარებას საჭიროებს.

„ჭიამაიაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. ბრალის დადგენის შემთხვევაში პედაგოგს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები