26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
"თუ მაინცდამაინც ქალი უნდათ რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ენძელა მაჭავარიანს ვურჩევდი" - გია ხუხაშვილი

უკვე სახელდება რამდენიმე პოლიტიკოსის ვინაობა, რომელთაგან ერთს, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ორ ქალ კანდიდატს განიხილავს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა, თუ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დასახელდებოდა. მისი აზრით ეს ქვეყანაში არსებულ მართვის სისტემას გააუმჯობესებდა.

რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, ხუხაშვილის თქმით, თუ მმართველ გუნდს მაინც ქალი კანდიდატის დასახელება სურს, მაშინ უმჯობესია ენძელა მაჭავარიანი დაასახელონ.

"მე ვურჩევდი, რომ თუ მაინცდამაინც ქალი უნდათ რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი ენძელა მაჭავარიანს ვურჩევდი იმიტომ რომ ენძელა მაჭავარიანი მეტ ხმას აიღებს საქართველოში იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ მას ნეგატიური რეიტინგიც არ აქვს. თან ვიმხიარულებდით მაინც, გადაიკისკისებდა ეთერში, აქტიური ქალია და რატომაც არა.

"საინტერესო იქნებოდა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს. ეს აღადგენდა ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს, ეს მის პრობლემასაც გადაწყვეტდა, რასაც ჰქვია მუდმივი აპელირება ქვეყნის ჩრდილოვან მმართველობაზე. ქვეყნის მართვაც გაუმჯობესდებოდა,“-ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში კონსესუსი ერთიან კანდიდატზე არ აქვთ. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატად დასახელდება სწორედ ის პირი, ვისაც კახი კალაძის მხარდაჭერა ექნება.

"უმთავრესი ამ პროცესში იქნება კახი კალაძის პოზიცია. მოსწონს ვინმეს თუ არა, კახი კალაძეს ხალხის მანდატი უდევს ჯიბეში და ამას ყველა გაუწევს ანგარიშს,“-აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი.

დღის ამბები