21 სექტემბერი 2018,   20:45
ვრცლად
პანკისი აქციებისთვის ემზადება - თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ვახტანგ გომელაურის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პანკისი აქციებისთვის ემზადება. სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირნალ მაჩალიკაშვილის ოჯახი უხუცესებთან და ხეობის მოსახლეობასთან აქციის ორგანიზებაზე მოლაპარაკებებს მართავს. „კურიერის“ ინფორმაციით, აქცია კვირის ბოლომდე თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაიმართება. მთავარი მოთხოვნა, სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის პასუხისგებაში მიცემა იქნება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაჩალიკაშვილების ოჯახი პროტესტის უკიდურეს ზომებზე გადასვლას აანონსებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროტესტის რადიკალურ ფორმებზე მას შემდეგ გადავიდა, რაც პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთავარი ნივთმტკიცება, ხელყუმბარა განადგურებულია და აღარ არსებობს. მოკლული მაჩალიკაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ ხელყუმბარა განზრახ ააფეთქეს, რათა კვალი წაეშალათ. დღეს პირველად, მედეა მაჩალიკაშვილმა სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცველები ქურდობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საბედისწერო ღამეს სახლიდან 1000 ლარი მოიპარეს.

პანკისის ხეობაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დრო გაჭიმა, გამოძიების დაპირებით პანკისის ხეობაში პროტესტი დროებით შეაჩერა ეს ორი თვე კი მთავარი მტკიცებულებების გასანადგურებლად გამოიყენა.  

პროკურატურა ირწმუნება, რომ მთავარი ნივთმტკიცება ხელყუმბარა, ექსპერტიზის შემდეგ გაანადგურეს და ამით კანონი არ დარღვეულა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

დღის ამბები