26 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
"არის რისკი რომ დაიკარგოს ეს ფული" - ოპოზიციას დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

დაგროვებითი პენსიის რეფორმა პარლამენტში კვლავ განხილვის საგანია. ოპოზიციას პროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს. მათ შორის მთავარი კითხვა დაგროვილი პენსიის  შენარჩუნებას და გარანტიებს ეხება. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ინტერესდება რითი უზრუნველყოფს სახელმწიფო იმას, რომ თანხა არ დაიკარგოს.

„ამ სქემის მთავარი პრობლემა და ხარვეზი არის ის, რომ დანაგროვები თანხა არის ძალიან მწირი და რეალურად ის არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს პენსიონერის შემოსავალზე ვინაიდან დღეს სხვა რესურსი არ არსებობს, რომ მეტის დაგროვება შეძლოს. ვინაიდან ეს არის დიდი საგადასახადო ტვირთი, როგორც ბიზნესისათვის , დაქირავებულისათვის ასევე ბიუჯეტისათვის. მეორე ის, რომ დაგროვილი თანხის შენარჩუნების არავითარი გარანტია არ არსებობს და არის რისკი რომ დაიკარგოს ეს ფული, ვინაიდან ქვეყანაში მისი მომგებიანად განთავსების  არავითარი საშუალება არ არის,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესაც.

„ბევრი შეკითხვა გამოითქვა მათშორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვა. ის არგუმენტი რომელიც იყო წარმოდგენილი ,რომ მმართველი საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო ჰორიზონტს , რომელსაც პრინციპში თვითონ განსაზღვრავენ ისინი და ადგენენ ნიხრებს, რომელიც მათი განსაზღვრა ჩემი აზრით, არ არის საკმარისი და გაცილებით უფრო მკაფიო ინდიკატორი უნდა იყოს აქ ჩადებული, როგორიც არის მოცემული მომენტისათვის ინფლაცია და ფულის ერთეულის რეალური ღირებულება, რაც შეეხება ჩართულობას ეროვნული ბანკის კანონპროექტი საუბრობს იმაზე, რომ თუ დანაკარგი იქნება დაახლოებით 1%-ის შემთხვევაში მაშინ ჩაერევა ეროვნული ბანკი. ეს ჩემი აზრით, ასევე საკმარისი არ არის,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, რომ შენიშვნები რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა იქნება გათვალისწინებული.

„ძალიან მასშტაბური პრობლემაა. პრაქტიკულად ეხება ყველა მოქალაქეს. ანუ ჩვენ რეალურად არც გვქონდა მოლოდინი, რომ შენიშვნების გარეშე ჩაივლიდა აღნიშნული განხილვები . მოხდება კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება. მათშორის გარანტიების საკითხზე. ხოლო მეორე საკითხი რომელი ც დაისვა ეს არის რეგულირების და ზედამხედველობის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან. ჩვენ ვთვლით რომ აღნიშნულ კანონში ძალიან მნიშვნელოვნად არის გაწერილი თუ როგორ მოხდება ეროვნული ბანკის მიერ მისი ფუნქციების განხორციელება აღნიშნული მიმართებებით, რაც გარანტი უნდა იყოს იმისათვის , რომ საპენსიო სისტემა იყოს ეფექტური,"-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 

დღის ამბები