26 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური სამლოცველოს წმინდა წიგნები და ხატები დაწვეს

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ვალეში კათოლიკური სამლოცველოს წმინდა წიგნები და ხატები დაწვეს. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა, როცა ტაძარი უკვე დაკეტილი იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა, დაინტერესებული პირები ამ გზით მართლმადიდებლების და კათოლიკე ქრისტიანების დაპირისპირებას ცდილობენ. 

„ვიღაცამ მიზანმიმართულად გააკეთა, რომ გამოიწვიოს ადგილობრივ ხალხში, განსხვავებული აღმსარებლობის მოსახლეობაში დაპირისპირება. რაც გააკეთეს, ვანდალური ფაქტია“,- განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მრევლმა, შოთა გიწოშვილმა.

მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ამბობს, რომ მომხდარზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. 

წმინდა წიგნები და ხატების დაწვასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა გააკეთა. 

„ყოველი ადამიანისთვის მთავარია, რომ იყოს პატივისცემა თავისი რწმენის და სხვისი რწმენისთვის. ამიტომ ეს არის ნიშანი, რომ არ არის პატივისცემა“- განაცხადა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მომხდარს პროვოკაცია უწოდა.

დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები სხვადასხვა აღმსარებლობას პრობლემას შეუქმნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია, თუმცა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები