26 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
პარალიზებული მთავარი მაგისტრალი, ჩაბნელებული სოფლები - ბიძინა ივანიშვილის ეზოსკენ კიდევ ერთი ხე მიემართება

ბიძინა ივანიშვილის კაპრიზის ასასრულებლად კიდევ ერთხელ პარალიზებული აჭარის მთავარი მაგისტრალი.

გადაკეტილი გზების, გამორთული ელექტროენერგიის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის და არაერთი ჯანსაღი ხის მოჭრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის რჩეული მაგნოლია ცენტრალურ მაგისტრალზე დილით გამოჩნდა.

საპატრულო პოლიციამ გზა ხის გადასატანად ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალურ მაგისტრალი ღამითვე გადაკეტა. ხალხი დაწესებულ შეზღუდვებზე წინასწარ არ გააფრთხილეს, ამიტომ დილიდან ათობით ადგილობრივი იზოლაციაში მოექცა და სამსახურში წასვლას ვერ შეძლო.

იმის გამო, რომ ბათუმიდან ქობულეთისკენ გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით, ისიც მსუბუქი ავტომობილებისთვის იყო შესაძლებელი, ცენტრალურ მაგისტრალზე ორივე მიმართულებით დღეს მრავალსაათიანი საცობი იყო. მოძრაობა საერთოდ აკრძალეს ტრაილერებისთვის და სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს გზა ხსნილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მაგნოლიასთვის იყო.

რჩეული მაგნოლია უკვე შავის ზღვის სანაპიროზეა და პლაჟზე ჩაქვი-შეკვეთილში სპეციალურ რეისს ელოდება.

უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ხის გადამტანმა კომპანიამ ელექტრო სადენები ჩახსნა, სოფლები ჩააბნელა, გარე განათების ბოძები, საგზაო ნიშნების, საგზაო ინფრასტრუქტურა კი დააზიანა.

აჭარაში მიმდინარე პროცესების შეჩერება დღეს ციხისძირში გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ იქ გარკვეული ხნით გზაც კი გადაკეტა.

ადგილობრივი საკრებულოს წევრი, რომლის ძმის კომპანიასაც ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, ივანიშვილის ხეები გადააქვს, დღეს უარყოფდა, რომ ხეები სწორედ ყოფილის პრემიერის რჩეული მაგნოლიის გადასაადგილებლად მოიჭრა.

 

 

 

ავტორები: თეა ვაშალომიძე, სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები