26 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
ზაზა ფაჩულიას გზა NBA-ს ჩემპიონობამდე

ზაზა ფაჩულია 1984 წლის 10 თებერვალს ქალაქ თბილისში დაიბადა.  ზაზას დედა, მარინე კოდუა პროფესიონალი კალათბურთელი იყო. ფაჩულიამ კალათბურთის თამაში 9 წლის ასაკში მართვეში დაიწყო. 14 წლის ზაზა დედასთან ერთად თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სტამბულის პროფესიონალ გუნდ იულქერსფორის შემადგენლობაში ჩაირიცხა, რომლის ღირსებასაც 2003 წლამდე იცავდა.

2003 წელს ფაჩულია NBA-ში გადავიდა, მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიკი იყო, სადაც 1 სეზონი გაატარა. შემდეგ იყო მილოუკი, სადაც ქართველმა ასევე ერთი სეზონი გაატარა, თუმცა ფაჩულია მილოუკ ბაქსს 2013 წელსაც დაუბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში 2 სეზონი ჩაატარა. ფაჩულიამ კარიერის დიდი ნაწილი ატლანტა ჰოუქსში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2005-2013 წლების სეზონში ასპარეზობდა, თუმცა 2011 წელს ფაჩულია რამდენიმე თვე თურქული გალათასარაის შემადგენლობაშიც ირჯებოდა.

2015-16 წლებში ფაჩულიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ქართველმა დალას მავერიკსში გაატარა. ზაზამ დალასური კლუბის შემადგენლობაში 23 ორმაგი დუბლი შეასრულა. სწორედ დალასის შამადგენლობაში ასპარეზობის დროს ფაჩულიამ ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერის შედეგად კაპიტანმა მთელი აშშ აალაპარაკა.

2016 წლის დასრულებული სეზონის შემდეგ ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი ეტაპი დადგა. ზაზას ფინანსურად ძალიან სარფიანი შემოთავაზებები ჰქონდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, დალასი ფაჩულიასთან მოლაპარაკებებს ცდილობდა და გუნდში დარჩენის შემთხვევაში ქართველი 10 მილიონ დოლარს მიიღებდა. თუმცა ზაზამ გოლდენ სტეიტის შემოთავაზება მიიღო, სადაც მისი ანაზღაურება 2.9 მილიონი დოლარია. ფაჩულია მიზანმიმართულად წავიდა ოკლანდურ გუნდში, სადაც სასტარტო შემადგენლობის ცენტრი იყო და სეზონის ბოლოს NBA-ს ჩემპიონობა და ბეჭედი მოიპოვა.

ჩემპიონობის შემდეგ ზაზამ განაცხადა;

"სიტყვები არ მყოფნის. ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი. საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის! ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში," - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

 

დღის ამბები