21 ნოემბერი 2017,   00:53
ვრცლად
ოფიციალურად - რაფაელ ნადალი სეზონს რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულებს

პარიზის მასტერსის მეორე სათამაშო დღეს წლის მთავარი მოვლენა რაფაელ ნადალის თამაში იყო. გამარჯვების შემთხვევაში ესპანელი 2017 წელს რეიტინგის პირველ საფეხურზე დაასრულებდა.  

სენსაცია არ დაფიქსირდა. კორეელი ჩუნგი რაფამ ორ სეტში 7:5 6:3 დაამარცხა. შეხვედრა მოულოდნელად, მესამე გეიმში ნადალის დაბრეიკებით დაიწყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჩაწოდების უპირატესობა ზედიზედ 2 მოპოვებული ბრეიკით დაიბრუნდა. მეცხრე გეიმში ნადალმა კვლავ დათმო თავისი ჩაწოდება და პირველი სეტი ტაი ბრეიკისკენ მიდიოდა, თუმცა მე-12 გეიმში ჩუნგმა თავის მოწოდებაზე ძალიან სუსტად ითამაშა და 1 საათიანი სეტი 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში ნადალი უფრო დამაჯერებლად თამაშობდა და მეტოქის დასამარცხებლად 1 ბრეიკის გაკეთებაც საკმარისი აღმოჩნდა.

"სეზონის წინ ჩემი მიზანი პირველი პოზიციის დაბრუნება ნამდვილად არ ყოფილა. იმ რთული პერიოდის და გაუთავებელი ტრავმების შემდეგ ამაზე ფიქრი შეუძლებელიც კი იყო. წლის პირველ ადგილზე დასრულება, ძალიან დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა. ასპარეზობის მაღალ დონეზე გაგრძელება მსურს. ყოველ დილით იმ მოტივაციით ვიღვიძებ, რომ კორტზე გავიდე და ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე ვიმუშავო," - განაცხადა ნადალმა.

რაფაელ ნადალი სეზონს რეიტინგში პირველ პოზიციაზე უკვე მეოთხედ დაასრულებს. მსგავსი ფაქტი 2008, 2010, 2013 წლებშიც დაფიქსირდა. 2017 წელს რაფაელმა 6 ტიტული, მათ შორის 2 დიდი სლემის პირველობა მოიგო.

 

 

დღის ამბები