პარლამენტის უმრავლესობიდან მიღებული მხარდაჭერის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს. თავდაპირველად ის ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის ბიუჯეტის შესწავლას აპირებს. კაკაბაძე საზოგადოებას ბორდის საქმიანობის შესახებ საჯაროობას ჰპირდება.
"ბევრი პრობლემა არის როგორც იცით ეს შეეხება პროგრამებსაც, ახალ ბადესაც, ფინანსებს, გამჭვირვალობასაც. ცხადია შესვლისთანავე მე ვეცდები რომ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც არსებობს, მე მივიღო პასუხი, მაგრამ ეს პასუხი არა მხოლოდ ჩემთვის და მე მივიღო, არამედ პირველ რიგში ჩემი ვალდებულება არის რომ ყველა ეს პასუხი შევატყობინო საზოგადოებას,"-აცხადებს ნინია კაკაბაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, იზაბელა ოსიპოვა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო, პრიორიტეტად ეთნიკური უმცირესობების შესახებ მაუწყებლის დაინტერესების გაზრდას ასახელებს.
"სერიოზული ვაკუუმი გვაქვს რეგიონებში და საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება აქვს რომ მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებაში ყველა ჯგუფს,"-აცხადებს იზაბელა ოსიპოვა.