04 დეკემბერი 2021,   20:05
ვრცლად
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - დაცვის მხარის მტკიცებით, თვითმხილველმა ჩვენება შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. პროცესი, დაახლოებით, ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

დაიკითხა ერთ-ერთი თვითმხილველიც, რომლმაც, დაცვის მხარის მტკიცებით, ჩვენება შეცვალა. ადვოკატის თქმით, მოწმემ გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაინახა თუ როგორ ჩხუბობდა რამდენიმე მოზარდი, თუმცა დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ მას ჩხუბი არ დაუნახავს. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირი გამოძიების დროს კატეგორიულად მიუთითებდა, რომ რამდენიმე პირი სცემდა ერთ კონკრეტულ პიროვნებას, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ურტყამდა, დღეს სასამართლოში მოვიდა და აღნიშნული საერთოდ უარყო. მან სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მოწმემ კატეგორიულად შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მოწმეები, რომლებიც არიან სინამდვილეში იმის თვითმხილველი, თუ როგორ დაჭრა რამდენიმე ადამიანმა ერთი ადამიანი და მოდიან სასამართლოში და ცვლიან ჩვენებას და ამბობენ, რომ თითქოს, ჩვენ არაფერი დაგვინახავს, ასეთ შემთხვევაში ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაინტერესებული პირები ახდენენ ზემოქმედებას,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

დაცვის მხარის ბრალდებებს პროკურატურა არ იზიარებს და ამბობს, რომ მოწმემ ჩვენება დააკონკრეტა.

„მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და ასახა ის დეტალები, რა დეტალებშიც დაინახა მან მოჩხუბარი ბიჭები, მაგრამ ჩხუბთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელის და ფეხის მოქნევა მას არ დაუნახავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან გამოძიების სტადიაზე განაცხადა, რომ თითქოსდა, იყო ჩხუბი, თუმცა ვინ ვის ურტყამდა, ამის კონკრეტიზაცია ვერ მოახდინა,“- განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები