06 ოქტომბერი 2024,   17:14
ვრცლად
ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, დაკავებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება.

მოკლული მოზარდის მამის თქმით, მირზა სუბელიანის შემთხვევაში მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა დააკავონ ასევე ყველა ის პირი, ვინც ყოფილი მაღალჩინოსნის მითითებებს ასრულებდა.

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ "კერავდნენ" მისი დავალებით პროკურორები. ისიც მოვისმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც "შეკერეს" ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან, რაა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, "შეკერეს".

„ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ მირზა სუბელიანის 9-საათიანი დაკითხვა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დაეკავებინათ მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა იყო. საქმის გამყალბებლები და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პირები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, ასევე საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით კი მერაბ მორჩაძე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები