
სოფელ მუხაესტატეში პოლიციის უფროსის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ბუტა ანთაძის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.
პოლიციის უფროსზე თავდასხმისას სოფელში ხალხმრავლობა იყო, რადგან იმ დროს მუხაესტატედან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ხე გადაჰქონდათ.
სოფლის მცხოვრებლები მომხდარზე პირად საუბარში ყვებიან, რომ ბრალდებულმა პოლიციის უფროსს დანა უკნიდან ჩაარტყა.
პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი მომხდარის შემდეგ სახლში არ არის. მათ სახლთან კი პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ.
ბრალდებულს თანასოფლელები დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, მკვლელობის შესახებ დღეს შეიტყვეს, რადგან წუხელ ხის გადატანის გამო ისედაც ხმაური იყო.
ბუტა ანთაძის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია. არაოფიციალურად კი რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის, ერთერთი ძველის წყენის გამო შურისძიებაა.
სოფელ მუხაესტატეს რამდენიმე მცხოვრები ყვება, რომ ბრალდებული და სოფლის სხვა ახალგაზრდები პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
ამ ბრალდებებს მოკლული პოლიციელის ნათესავები კატეგორიულად უარყოფენ. სოფლის ახალგაზრდებთან რაიმე უთანხმოების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ქობულეთის სამმართველოს უფროსსაც.
სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ, სადაც მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.