„ფიქტიური მინისტრები გვიზის. პირველად დავინახეთ, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მინისტრების გარეშე მოვიდა,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა.
მან დროებით მთავრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობა, ფაქტობრივად, არ იცვლება. რომან გოცირიძის თქმით, საპროტესტო აქციების დროს მოსახლეობა მოითხოვდა არა გიორგი კვირიკაშვილისა ან მიხეილ ჯანელიძის გადადგომას, არამედ მთელი მთავრობის შეცვლას.
„რადგან კომიკური ვითარებით დავიწყე, მეც თვითკრიტიკული ვიქნები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ კურიოზულ თემას გავიხსენებ. როდესაც ერთ-ერთი პრემიერი, რომელმაც დიდი რეფორმები გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, რაღაც პერიოდში ტემპს ჩამორჩა, რაღაცებს ვერ აკეთებდა ისე, შალვა ნათელაშვილმა მას უწოდა დაღლილი ვირი. ეს იმდენად ხატოვანი გამოთქმა იყო, რომ სანამ ვიღაცა დაღლილ ვირს გიწოდებს, ეს მთავრობა დროზე უდნა შეგვეცვალა. რას ვხედავთ ჩვენ, წარმოგვიდგინეს ახალი ძველი მთავრობა და როგორია ეს კაბინეტი, დაღლილი, ენერგიაგამოცლილი, ქანცგაწყვეტილი, მორჩილი, არაფორმალური მმართველის თვალებში მაცქირალი, მორალურად გაწყვეტილი. მინისტრთა კაბინეტი არის დრომოჭმული და ამორტიზებული. კვლავ შემოგვაჩეჩეს ძველი მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც ნდობა დაკარგა საზოგადოების თვალში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.