20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
მესამე სექტორი სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება

მესამე სექტორი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება ისეთი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც არ დატოვებს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სალაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატი ამ საქმეს მიმართვის გარეშე ვერ შეისწავლის.

„ჩვენი მესაზღვრეები, რომლებიც ოფიციალურ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, ამ დროს იყვნენ, ასე ვთქვათ, გადაყვანილები რუსეთის ტეროტორიაზე, ჩვენ ამ საკითხით არ ვართ დაკავებული და ბუნებრივია, თუ რამე ადამიანის უფლებების კუთხით გამოიკვეთება ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, ჩვენ მოგვმართონ და შემდგომ განვიხილავთ,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სამი დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა გუშინ უკვე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები