20 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ოპოზიცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 41 მილონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს და აუდიტის სამსახურს მიმართავს

ოპოზიცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 41 მილონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. ამ თანხას სახელმწიფო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისთვის 5 კერძო კომპანიას უხდის.

ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალურ დოკუმენტაციას ასაჯაროებენ და ამტკიცებენ, რომ ეს საზედამხედველო კომპანიები ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით შეარჩია და მათი უმრავლესობა პარტია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

ხუთიდან ერთი კომპანია, რომელიც ბიუჯეტის ფულით დაიქირავეს და ხუთ მილიონი ლარი გადაუხადეს, ქრიზოლითია.

ენმ-ში აცხადებენ, რომ კომპანიის თანამშრომლების ძირითადი ნაწილი სწორედ ივანიშვილის კომპანიების - ატუსა და ქართუ ჯგუფის, ყოფილი თანამშრომელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტებს ზედამხედველობს და ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარს იღებს კომპანია აუდიტ ესკორტიც. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ეს კომპანია წარმატებით თანამშრომლობს უშუალოდ პარტია ქართულ ოცნებასთანაც და პოლიტიკური პარტიის აუდიტს აკეთებს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია სახელმწიფოს მიერ აუდიტ ესკორტთან  დადებულ ხელშეკრულებას აპროტესტებს, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ბიოგრაფიაა. მინდია ტაბაღუა სამსახურეობრივი საქმიანობის გამო თაღლითობისთვის ბრალდებულია.

ბრალდებული მინდია ტაბაღუა ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებებზე საპასუხოდ ამბობს, რომ სახელმწიფოსთან კვლავ თანამშრომლობის გამო პრობლემას ვერ ხედავს.

საზედამხედველო პროცესში კერძო კომპანიების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს ქრიზოლითის ხელმძღვანელობაც და ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან მილიონებს მათ ტყუილად არ უხდიან და რომ სახელმწიფო პროექტების ხარისხსა და დეტალურ მონიტორინგზე პასუხისმგებლები. ივანიშვილის ქართუ ჯგუფისა და ატუს სპეციალისტების მათ გუნდში ყოფნა კი მხოლოდ პლუსია.

ენმ-ში ამბობენ, რომ რეგიონალური პროექტების ზედამხედველობის ვალდებულება ადგილობრივ ხელისუფლებებს ისედაც აქვთ და დღეს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანიების გამო, ფუნქციების დუბლირება ხდება. ოპოზიციის ბრალდებებსა და შენიშვნებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, არ იღებს.

ოპოზიციური პარტია გეგმავს, უახლოეს დღეებში აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართოს და მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა მოითხოვოს.

დღის ამბები