16 ივლისი 2024,   16:22
ვრცლად
"დამოუკიდებლობაზე ვერ იქნება საუბარი, როდესაც კანდიდატად განიხილება ივანიშვილის ადვოკატი" - ოპოზიცია შალვა თადუმაძის წარდგენას ეხმაურება

სამი საათი მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე - ბოლო მონაცემებით საპროკურორო საბჭოში 20 განაცხადია შესული. მათგან “ქართული ოცნების” ფავორიტად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე სახელდება. კანდიდატებს შორის არის ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელსაც ასევე აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა.

სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შეუძლებელია პროკურატურის დამოუკიდებლობაზე იყოს საუბარი მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორის კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი.

„ვერანაირ დამოუკიდებლობის ხარისხზე ვერ იქნება საუბარი, როდესაც გენერალური პროკურორის კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს საუბარი სახალხო პროტესტის ფონზე, რომ დაინიშნებოდა დამოუკიდებელი გენერალური პროკურორი იყო ტყუილი და ფარსი. ისეთივე ცრუ დაპირება არაერთხელ გვიხილავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და ივანიშვილი არაფრის დიდებით არ დათმობს ამ პოსტს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რომელიც იქნება სრულიად მორჩილი და შეასრულებს კონკრეტულად მის დაკვეთებს. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესისგან თეა წულუკიანის ჩამოშორებას ითხოვს „ევროპული საქართველო.“

„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესს ჩამოშორდეს და მინისტრთა კაბინეტში აღარ ვიხილოთ თეა წულუკიანი, რომლის მიმართაც  არსებობს არაერთი შეკითხვა და განსაკუთრებით სწორედ მთავარი პროკურორების შერჩევასთან დაკავშირებით. ყველა მის მიერ წარდგენილი წინა პროკურორი თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებდა სხვადასხვა პოლიტიკური სკანდალებით და რა თქმა უნდა არც ამ პროცესში გვაქვს მოლოდინი, რომ მის მიერ შერჩეული  კანდიდატი, მითუმეტეს როდესაც პროცესს ბოიკოტირებას უწევენ არასამთავრობო  ორგანიზაციები რამენაირად იქნება ობიექტური,“-განაცხადა  ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ პარტიას პოსტზე წარდგენილ ჰყავს შალვა შავგულიძე, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები