02 მაისი 2024,   09:23
ვრცლად
"საჭიროა ამ სფეროში რეგლამენტაცია" - საპარლამენტო უმრავლესობა საბანკო სექტორის მიმართ ივანიშვილის კრიტიკას ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საბანკო სექტორის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები საბანკო სექტორს არ დააზარალებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით, ჭარბვალიანობის პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც უნდა გადაიჭრას.

„საჭიროა ამ სფეროში რეგლამენტაცია, საჭიროა, რომ ერთი მხრივ, საბანკო სექტორი განვითარდეს, მეორე მხრივ, მომხმარებელი, უბრალო ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან საბანკო სისტემის კლიენტები, ასევე დაცულნი იყვნენ ისეთი კანონმდებლობით, რომელიც სწორედ მათ ინტერესებს უზრუნველყოფს,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, საბანკო ვალდებულებები მოსახლეობას ტვირთად აწევს, თუმცა ასევე საბანკო სექტორის მნიშვნელობაზეც ხაზს უსვამენ.

„ის რეალობა, რომელიც დადგა, ყველასთვის ცხადია, თუ რა დიდ წნეხად აწევს მთელი საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის ხაზგასმა თავისთავად არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის და ზოგადად საბანკო სექტორის მნიშვნელობის ეჭვის ქვეშ დაყენებას,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები