პოლიტიკური კორუფცია და შავი ფული, რომელსაც არჩევნების მოსაგებად გამოიყენებენ -პარტიების დაფინანსება ყოველი არჩევნების წინ აქტუალური თემა ხდება. მაგალითად, კომპანია ტრანსპროექტი აფინანსებდა ყოფილ მმართველ პარტიას, ახლა კი ქართულ ოცნებას აფინანსებს. მას 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობისთვის, 50 ათასი კი ქართული ოცნებისთვის.
ტრანსპროექტი მრავალმილიონიანი ტენდერების გამარჯვებულია და ხშირად ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე.
არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ პოლიტიკაში ფულის ბრუნვის სქემა ასეთია - კომპანიები სახელისუფლებო პარტიას თანხას სწირავენ, სანაცვლოდ კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ დაკვეთებს, ანუ იმ თანხას უკან იბრუნებენ. სწორედ ამის გამო, მესამე სექტორში კორუფციულ რისკებზე საუბრობენ.
უპირატესობის მინიჭება ასევე მაქინაციების საშუალებით ხდება. ტენდერებში მოთხოვნების დაკონკრეტება მონაწილეთა წრეს ავიწროებს და კონკრეტული კომპანიის გამარჯვების შანსს ზრდის. არის შემთხვევები, როდესაც მთავრობა ტენდერების გარეშე წყვეტს, ვისგან უნდა მიიღოს მომსახურება.
არჩევნების დროს პარტიებისთვის დაფინანსების სამი წყარო არსებობს - საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულობები და შავი, არადეკლარირებული ფული.
საეჭვო წარმომავლობის ფული ქართულ ოცნებას მისივე წევრებმა შესწირეს, რომელიც მათ წლიურ წმინდა შემოსავალს გაცილებით აღემატება.
ქართული ოცნების წევრს, გიორგი კახიანს, ეჭვი აქვს, რომ შავ ფულს არჩევნების დროს ოპოზიცია იყენებს.
2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შემოწირულობის სახით პარტიებმა 16 მილიონამდე მიიღეს.
ოპოზიცია ფიქრობს, უფულოდ დარჩენილი პარტიები ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად ხშირად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. მესამე სექტორში ასევე აცხადებენ, რომ ახალი გამოწვევა საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკვე კრიპტოვალუტით დაფინანსება იქნება.