24 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
მოდულში შესვლა ჩემთვის მეხის დაცემაა, იქ ჩემი შვილის მკვლელები სხედან - მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში გამოკითხავენ

მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ელოდებიან. პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული მოზარდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახტანგ გომელაურის უწყებაში უკვე მესამედ დაიბარეს.

წინა დაკითხვისას მას კითხვები ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს და საუბრისას აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრი საქმეს ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით იძიებს. შვილმოკლული მამა საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

"ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს არ აქვს გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია და მისი დაკითხვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

კუბლაშვილის განცხადებით, სუს-ში სურთ შექმნან ისეთი სურათი, თითქოს გამოძიება ისევ მიმდინარეობს, იმ საკითხზე, რომელზეც უკვე იმსჯელა სასამართლომ. 

დღის ამბები