საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტარებს პეტრას აუსტრევიჩუსს და ტუნე კელამს შეხვდა.
„ევროპარლამენტში გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაპირება უცხოეთში დროებით მყოფი ქართველებისთვის ლეგალური სტატუსის და კანონიერი სამსახურის მინიჭების შესახებ არის სრულიად რეალისტური და განხორციელებადი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მყარი პარტნიორია და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ლეგალური დასაქმების საშუალება.
„დავით ბაქრაძეს ძალიან საინტერესო და ახალი იდეა აქვს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ. ევროკავშირს სჭირდება ისეთი სამუშაო კადრები როგორიც თქვენ გყავთ. ეს ადამიანები იმუშავებენ აქ და შემდეგ თანხას თქვენს ქვეყანაში გააგზავნიან,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის ლეგალიზებაზე ისაუბრა ასევე ევროპარლამენტარმა, ტუნე კელამმა. მისი თქმით, ევროპელი დეპუტატები ამ მიმართულებით იმუშავებენ.
„ათიათასობით საქართველოს მოქალაქე დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე მუშაობს. მათ სჭირდებათ ლეგალური სტატუსი. ეს მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის არამედ ევროკავშირისთვისაც. საქართველოს კვალიფიციური კადრები სჭირდება ევროპას,“ - განაცხადა კელამმა.