08 დეკემბერი 2024,   09:33
ვრცლად
სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად - ფინანსთა მინისტრი "იბერია"-ზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლების და თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა არ ხორციელდება.

ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანიის და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების პოზიციას არ იზიარებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ გააჩერა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი საწარმოები, ტელევიზიას შეუზღუდა დაფინანსების წყაროები და ამგვარად ახდენს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე.

„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებიდან თავი აირიდოს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, „ომეგა ჯგუფი“ შანტაჟის ენით საუბრობს, რაც დაუშვებელია.

„სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“. არხის მფლობელების თქმით, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ მათ ტელევიზიის დათმობას სთხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. აქციის გამო მაუწყებლობა რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო. 

დღის ამბები