19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ჩვენ ვაიძულეთ ივანიშვილი, გადაეყენებინა მთავარი პროკურორი და პრემიერი - ზვიად კუპრავა

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, შვილმოკლული მშობლების აქციას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

კუპრავა აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დღეს ამოიწურა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა.

შვილმოკლული მშობლებმა ხელისუფლებას გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს.

ზვიად კუპრავას თქმით, ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ დაეთანხმება.

„ჩვენ ვაიძულეთ ივანიშვილი, გადაეყენებინა მთავარი პროკურორი, ვაიძულეთ ივანიშვილი, პასუხისგებაში მიეცა მირზა სუბელიანი და ვაიძულეთ ივანიშვილი, გადაეყენებინა ქვეყნის პრემიერმინისტრი,“ - განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მაშინ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ზვიად კუპრავა ასევე გუშინდელ აქციაზე არყოფნის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს ესწრებოდა.

პარლამენტის წინ შვილმოკლული მშობლების აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. თუმცა, აქციაზე ზაზა სარალიძე არ იმყოფება, რადგან სამართალდამცავებთან შელაპარაკების შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებთან შელაპარაკება კი აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის მცდელობამ გამოიწვია, რის უფლებამ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

დღის ამბები