საპატრიარქოს პროტესტის შემდეგ, პარლამენტმა უკან დაიხია, თუმცა დროებით. კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ დოკუმენტი ისევ პარლამენტში რჩება და ნებისმიერ მომენტში, „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხის განხილვა ისევ შეეძლება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა პატრიარქთან.
კანაფის კულტივაციის ლეგალიზების და ექსპორტზე გატანის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ რეკორდულად მოკლე დროში მოამზადა. გასულ კვირას, ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს, მას შემდეგ, რაც საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ორ დღეში დაიწერა და ოთხშაბათს ის უკვე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მთელი მინისტრთა კაბინეტი აანონსებდა, რომ კანაფის კულტივაციის ლეგალიზებით, საქართველო დიდ შემოსავალს მიიღებდა და ლარსი კურსიც გამყარდებოდა, საპატრიარქოს პროტესტის შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. უმრავლესობამ სწრაფი ტემპით მარიხუანა პლანტაციების გაშენება გადაიფიქრა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ საკითხზე საზოგადოებასთან მსჯელობაა საჭირო.
თანაგუნდელებს არ ეთანხმება და კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. ის უმრავლესობის უმცირესობაშია, თუმცა ამის მიუხედავად, არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
ოპოზიცია კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადებას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხრიკს უწოდებს. საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოების პროტესტის შეეშინდა და ოქტომბრის ბოლომდე საკუთარ პარტიას კანონპროექტზე განხილვის გადადება მოსთხოვა. არჩევნების შემდეგ კი ამ თემას მიუბრუნდება.
ნინო ბურჯანაძემ დღეს კათოლიკოს-პატრიარქს უსაყვედურა და თქვა, რომ შეშფოთებულია ილია მეორის პოზიციით, რომელიც პატრიარქს მცენარე კანაფის ექსპორტის დაკანონებაზე ჰქონდა.
კანონპროექტთან დაკავშირებით, აშშ-ში გააკეთა კომენტარი საქართველოს პრემიერ მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი პარტია მზად არის, ყველა დაინტერსებულ პირთან კონსულტაციები გამართოს.
„გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო აუცილებლად მისაღები, სხვანაირად, ეს იქნებოდა მე ვფიქრობ, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით ჩვენ არ შემოგვეღო ახალი რეგულაციები. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რაც შეეხება ამ კანონპროექტის მეორე ნაწილს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის,“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.