პატრიოტთა ალიანსი შესაძლოა, პარლამენტში ფრაქციის გარეშე დარჩეს. ირმა ინაშვილის გუნდს ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე, ტოვებს. წასვლის მიზეზებზე ჩხეიძეს თანაგუნდელებთან არ უსაუბრია.
რატომ მიდის პატრიოტთა ალიანსიდან, ნატო ჩხეიძემ ეს კითხვა უპასუხოდა დატოვა, თუმცა, მინიშნებით თქვა, რომ ქვეყანაში კორუფციული გარიგებების შესახებ მის მიერ 5 სექტემბერს გაკეთებული განცხადება პარტიამ უყურადღებოდ დატოვა.
ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ირმა ინაშვილისთვის და ადა მარშანიასთვის. ირმა ინაშვილმა მისი თანაგუნდელის გადაწყვეტილების შესახებ რუსთავი2-ის ეთერიდან გაიგო. ჩხეიძემ ინაშვილის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ადა მარშანიას თქმით, ჩხეიძეს თანაგუნდელებისთვის მხარდაჭერა არ უთხოვია, ამიტომაც პატრიოტთა ალიანსმა ომეგას საქმეზე, აქციებისა და სკანდალური ჩანაწერების მიუხედავად, პროტესტი არ გამოხატა.
ინაშვილი ფრაქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ პატრიოტთა ალიანსს ერთი პარლამენტარი დაემატება. ამ დროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატი მხოლოდ დავით ჭიჭინაძეა, თუმცა, ის პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა ინაშვილთან სავაჭროდ გამოიყენებს და, თუ გარიგება შედგება, ალიანსი ფრაქციისთვის საჭირო ერთ ადამიანს სწორედ მმართველი გუნდიდან მიიღებს.