17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა - პარლამენტში "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა განიხილეს 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა განიხილეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, გასცა თუ არა კომისიის მუშაობამ პასუხი მთავარ კითხვას - ვინ მიაყენა ჭრილობა მოზარდ, დავით სარალიძეს.

„ამ სამი თვის მუშაობის შემდეგომ თქვენს ხელთ არსებული მასალით, დაადგინა თუ არა კომისიამ პიროვნებამ, რომლის განხორციელებულმა ქმედებებმა მიაყენა სიკვდილისთვის შეუთავსებელი ჭრილობები დავით სარალიძეს,“ - მიმართა დავით მათიკაშვილმა ოპონენტებს.

მათიკაშვილის საპასუხოდ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიამ შეძლო იმ პირების ვინაობის დადგენა, ვინც ხელი დააფარა სავარაუდო დამნაშავეებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს მიმართა კითხვით - დაეზუსტებინათ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა, იყო ეს მ.კ. თუ კიდევ სხვა პირი იყო.

სერგი კაპანაძის თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-ს ცივი იარაღი ეჭირა და ამ ვერსიაზე პროკურორი, ფხაკაძე ამბობდა, რომ მ.კ. მხოლოდ ხელს ურტყამდა.

„ქართული ოცნების“ წევრების კითხვების საპასუხოდ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ კომისიას უნდა გაერკვია, როგორ გამოიძიეს საქმე საგამოძიებო უწყებებმა.

„მაგრამ კომისიამ მოახერხა ის, რომ აღმოაჩინა კონკრეტული მტკიცებულებები დამატებითი ფიგურანტისთვის მკვლელობაში თანამონაწილეობაზე ბრალის წასაყენებლად და დიახ, არსებობს ეჭვი, რომ ამ ახალ ფიგურანტს შესაძლოა მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობები, ოღონდ ზუსტად, რა თქმა უნდა, კომისიამ არ იცის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სერგი კაპანაძის თქმით, გამოვლინდნენ საგამოძიებო უწყებების თანამშრომლები, რომლებმაც გამოძიება სათანადოდ არ წაიყვანეს.

„კონკრეტული ადამიანები გამოვლინდა, რომლებმაც ამაში მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც არ დაკითხეს, რომლებმაც სახლები არ გაჩხრიკეს, დანები არ ამოიღეს, სისხლიანი ტანსაცმელი არ ამოიღეს ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, სისხლი ჰქონდა, არც კი დაინტერესდნენ, რაიმე როლი ჰქონდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს დაიმალა, მერე მივიდა და მოატყუა, არც კი დაინტერესდნენ გაერკვიათ, სად იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ იქ მირზა სუბელიანი იყო მისული, არც კი დაინტერესდნენ, რომ დაეკითხათ მირზა სუბელიანი და ეს იყო, რამაც გამოიწვია მერე გამოძიების გამრუდება და კომისიამ, განსხვავებით იმდროინდელი შსს-პროკურატურის ქმედებებისა, ეს დაადგინა, რომ კონკრეტული პირები აფასებდნენ ხელს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები