პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გმირთა მემორიალთან გაგრის გენოციდთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დღევანდელ დღეს ქართველთა გენოციდის საერთაშორისო დღედ გამოაცხადებს.
მისივე თქმით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება ყველა იმ პირზე, ვინც სისხლის ღვრაში მონაწილეობდა.
ნათელაშვილის განცხადებით, პასუხისგებაში მიეცემა ყველა თანამდებობის პირი, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს ემსახურება.
პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს გმირთა მემორიალთან მხარდაჭერა "აფხაზთა კრებამ" გამოუცხადა.
„საქართველოს ყველა საელჩო, ჩემი პრეზიდენტობის დროს გადაიქცევა ქართულ ციხე-სიმაგრედ, ქართველთა გენოციდის პროპაგანდის ცენტრად. ყველა საელჩოში, მსოფლიოს წამყვან ყველა დედაქალაქში, აი ეს გამოფენა, რომელიც დღეს აქ მოვაწყვეთ, ქართველთა მოჭრილი თავებით და დახოცილი ბიჭებით - მთელს დედამიწის ტკივილად გადავაქცევთ აი, ამ ჩვენს ტკივილს. მთელ მსოფლიოს არ მოვასვენებ, სანამ არ იქნება აღიარებული, რომ მთელი ეს უბედურება, რაც გადავიტანეთ, აგრესია, ოკუპაცია - ქართველობის გამო დაგვემართა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.