რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოება და მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თბილისელებთან შეხვედრისას თქვა, რომ მის წინააღმდეგ აგრესიასა და სიძულვილზე აგებული კამპანია მიმდინარეობს, თუმცა ეს მას ვერ შეაჩერებს.
კანდიდატმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასა და თავისი პროგრამის სხვა პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
„სამწუხარო არის, რომ ორი ნაწილი, ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში - ეს ორი რაღაცნაირად ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე. და ესეც უნდა რაღაცნაირად გამოსწორდეს. აქ ლაპარაკი არ არის, რომ უნდა შეიზღუდოს ან ერთი ან მეორე, მაგრამ ღირსება ორივესგან მოსათხოვი არის და მოეთხოვებათ. მე ვერავინ ვერ გამაჩერებს და ეს რაღაც ლანძღვა გინება ნამდვილად არა. მე ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მე არ ვიქნები სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან. იქნება სხვა ფორმის შეხვედრები და არა ის რაც დღეს ხდება, სადაც მისმენთ მე, მაგრამ მე ვერ გისმენთ და 29 ოქტომბრიდან მე თქვენ მოგისმენთ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა წარუდგინეს.
„ქალბატონი სალომეს მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას, ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, ნაცვლად დაპირისპირებისა. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი დიდი წინაპრების გზას, ნაცვლად ყალბი ღირებულებებისა. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ნაცვლად ავტოკრატიისა. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებისა და ქვეყნის გაერთიანებას.“ - განაცხადა თბილისის მერმა.