„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
გიორგი ვაშაძის თქმით, კვლევების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
„ჩვენ ვნახეთ ამერიკული კომპანია Edison-ის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც ჩვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს. მას 2-ჯერ მეტი აქვს რეიტინგი, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს და ვფიქრობ, რომ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა, მთავარია, რომ მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ. ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვნახეთ დღეს ჩვენ, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, რომ იცავს ფარცხალაძეებს, იცავს იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული. მე მინდა მას მივმართო, ის რასაც თქვენ კვლევებით, რეიტინგებით ხედავთ, მათ შორის თქვენი კვლევები რასაც ხედავთ, ეს არის პასუხი საზოგადოების იმ არაერთ არასწორ, უსამართლო, უკანონო ქმედებაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება - გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.