„ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, „ოლიმპუსის“ დირექტორის გამოკითხვა სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ეს ის კომპანიაა, რომლის ანგარიშიდანაც გაიტანეს 4 მილიონი და, შესაბამისად, დავით ფანქველაშვილიც ჩართული იყო ბანკიდან ნაღდი ფულის გატანის პროცესში.
ფანქველაშვილმა დეტალურად გაიხსენა ფულის გატანის ისტორია, ასევე რა როლი ჰქონდა პროცესში სპორტის ყოფილ მინისტრს და როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„კითხვები დაისვა, პირველ რიგში, თიბისის ეპიზოდზე, ასევე, საერთოდ, ზოგადად, კომპანიის ფუნქციონირებაზე, რომელსაც გავეცი ამომწურავი პასუხი და ველოდებით გამოძიების შედეგებს. თიბისის ეპიზოდზე კონკრეტულად მივაწოდე ფულის გამოტანის მომენტი და საერთოდ მის შემდეგ და მანამდე განვითარებული მოვლენები. ყიფიანიც იქ იყო და შესაბამისად, მასზეც ვისაუბრე,“ - აღნიშნა ფანქველაშვილმა.
გამომძიებლების კითხვებს კი მანამდე "ომეგა ჯგუფის" კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ალექსანდრე ხაჩიშვილმა უპასუხა. ისიც უშუალოდ მონაწილეობდა თიბისი ბანკიდან მილიონების გატანაში და „ოლიმპუსის“ მფლობელად იყო რეგისტრირებული.
მისი თქმით, გამომძიებლების კითხვები სწორედ ბანკის ეპიზოდს შეეხებოდა.