17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
რეპორტაჟი, რომლის გამო „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს თავს დაესნენ - კადრები და ინტერვიუები ხარაგაულიდან, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი შენდება

რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ჩინური კომპანიის წარმომადგენლები თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც კურიერი რკინიგზის მშენებლობის დროს დაშვებული დარღვევებით დაინტერესდა.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, დაზიანებული და ჩამონგრეული გვირაბები - ამ პრობლემების გამო, ახალი მაგისტრალის გახსნა უკვე მესამედ გადაიდო. სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ ისევ დაუსრულებელია.

ინჟინერი კახა კიკნაძე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე სარკინიგზო მაგისტრალis მშენებლობას მონიტორინგს უწევდა, ადასტურებს, რომ პროექტი, რომელიც 126 მილიონი შვეიცარული ფრანკი ჯდება, ხარვეზებით სრულდება. მისი თქმით, დაახლოებით, ორ წელიწადში ეს მშენებლობა გვირაბებიანად დაინგრევა.

ინჟინერი ეჭვობს, რომ ახალი მაგისტრალი არ ამუშავდება და, თუ იქ მატარებლები მაინც გაუშვეს, ტრაგედია გარდაუვალი იქნება.

კახა კიკნაძის განმარტებით, დარღვევების შესახებ სამუშაოების დამკვეთს - საქართველოს რკინიგზას, არაერთხელ შეატყობინა, შედეგად არა რეაგირება, არამედ სამსახურიდან დათხოვნა მიიღო.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს რკინიგზა, რომლის ხელმძღვანელობამაც ტერიტორიაზე ჟურნალისტები მას შემდეგ შეიყვანა, რაც კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გახმაურდა. თუმცა, მედიას რკინიგზამ მხოლოდ ის გვირაბები აჩვენა, სადაც პრობლემები შესამჩნევი არ არის.  

ინფოტურის ფარგლებში საქართველოს რკინიგზამ ჟურნალისტებს არც ის ადგილი აჩვენა, სადაც სამშენებლო ნაგავს ყრიან. კურიერმა კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ის ტერიტორია გადაიღო, სადაც ნაგავი პირდაპირ მდინარის ხევშია ჩაყრილი. მასა, დაახლოებით, 5 მილიონი კუბური მეტრია. არ არის დამონტაჟებული კოლექტორები და სადრენაჟე არხები და წყალს გასასვლელი არა აქვს. ექსპერტების აზრით, უხვი ნალექის შემთხვევაში ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ტერიტორია რამდენჯერმე შეისწავლა. არსებობს დასკვნები, სადაც იმ დარღვევებზეა ლაპარაკი, რომლმაც შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი ჩინური კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა, ამ ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგავი მაინც იყრება.

გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნაში საუბარი მეწყრულ პროცესებზეც არის, რომელიც არასწორად ჩატარებული აფეთქებების გამო არის გააქტიურებული. წყალდიდობის გარდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მეწყერიც ემუქრება. ორი წელია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი სწავლობდა. სპეციალისტებმა ის კორუფციული სქემა გაშიფრეს, სადაც მილიონობით ლარზეა საუბარი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები