ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე, გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მთავარი ფიგურანტები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლებაზე განაწყენებულია და ვიქტორ ჯაფარიძეს მთავრობის წევრებთან მისი შეტყობინების გადაცემას სთხოვს. მირზა სუბელიანი რამდენიმე გახმაურებულ საქმის „დალაგებაზე“ საუბრობს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას და ხორავას ქუჩის საქმეზე.
გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნულმა აუდიოჩანაწერებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები არ ფუნქციონირებს.
„ჩვენ ვართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, როცა ფაქტობრივად, ინსტიტუცია სამართალდამცავ ორგანოებში აღარ არსებობს საერთოდ ქვეყანაში,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია.
„ეს არის აგონიაში მყოფი ქართული ოცნების ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოში სიტყვა გამოძიებამ დაკარგა საერთოდ შინაარსი. გამოძიების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რაც არ უნდა მოვთხოვოთ ახლა. გამოძიება რას გამოიძიებს და პირველი საქმეა ასეთი? ასეთი იყო შვილმოკლული მამების საქმე და ახალგაზრდა ბიჭების ჩახოცვის საქმე, ასეთი იყო არაერთი საქმე ქვეყანაში. რა, ფარცხალაძეს პირველი შემთხვევა აქვს, რომლის საქმეც გამოსაძიებელია? რა, პროკურატურას პირველად მოვთხოვეთ რაიმე საქმის გამოძიება?“ - განაცხადა ვაშაძემ.
პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა, რომელიც, უწყების ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა, გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“.
სუბელიანის და ჯაფარიძის პირველი აუდიოჩანაწერი კი P.S.-ში გავიდა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.