ჭიკაიძე, გომელაური, მღებრიშვილი და ახლა უკვე გიორგი გახარია - მოქმედი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრების გეგმა უკვე რამდენიმე წელია, უცვლელი რჩება. გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო ისევ დესტაბილიზაცია და არეულობები დაანონსა, რომელთა უკან ძალოვანების თქმით, ოპოზიცია დგას.
ჯერ კიდევ 2014 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში გადატრიალებას აპირებს და ამ მიზნით საბურავებს აგროვებს.
2015 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმა ოპოზიციას ნამდვილად აქვს და ძალოვნები გამოძიებას განაგრძობენ. გომელაური ჭიკაიძის განცხადებას საბურავების რევოლუციის შესახებ დაეთანხმა, თუმცა ვერც მან აჩვენა საზოგადოებას საბურავები და ამის შესახებ გამოძიებული საქმე.
2016 წელს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დიდ არეულობას ამზადებდა, თუმცა ანონსი მხოლოდ ანონსად დარჩა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას და არეულობას გეგმავდა.
ზეპირ განცხადებებს მოსალოდნელი არეულობის შესახებ, მალევე უკრაინულ ვებგვერდზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაემატა. წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორის და პაატა ბურჭულაძის ფარული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებაც. მოგვიანებით კიდევ ერთი ჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც ერთმანეთს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები ესაუბრებოდნენ. მათ შორის იყო, სავარაუდოდ, დიალოგი მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის. ასევე გასაჯაროვდა ყოფილი პრეზიდენტისა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარიც.
ოპოზიცია მაშინვე ამტკიცებდა, რომ ოპონენტებს სუსი უსმენდა, სხვადასხვა საუბრისაგან არარსებულ დიალოგებს ამონტაჟებდა და შემდეგ ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. ამ მასალებზე დაყრდნობით სუს-ში გამოძიება დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით დაიწყო.
2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. ზაფხულში კი სუს-მა დაკითხვების სერია დაიწყო. დაიბარეს "რუსთავი 2"-ის დირექტორი და „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია. გამოძიებას მათთან შეკითხვები 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა.
ქვეყნის გადატრიალების მცდელობის საქმეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი წელია, იძიებს, თუმცა შედეგი უცნობია.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პროკურატურამ თაროდან ჩამოიღო 10 წლის წინანდელი ფარული ჩანაწერი, სადაც ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზეა ლაპარაკი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ძველი საქმე, სადაც საუბრის გარდა არანაირი მტკიცებულება არ არის, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
უკვე ოთხი წელია, ხელისულფება საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ გადატრიალებას უანონსებს.