19 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა" - გამომძიებლებმა მირზა სუბელიანი გამოკითხეს

ფარული ჩანაწერები გლდანის ციხიდან - გამომძიებლებმა მირზა სუბელიანი გამოკითხეს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები საპატიმროში თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მირზა სუბელიანის გამოკითხვას არ ესწრებოდნენ მისი უფლებადამცველები. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგვიანებით მისულ ადვოკატებს ციხეში შესვლის უფლება არ მისცეს.

პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ სუბელიანის გამოკითხვას მესამე ადვოკატი ესწრებოდა, რომელიც ამ დრომდე მის საქმეში არ ფიგურირებდა.

ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანმა გამოკითხვის დროს გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავება ისურვა.

პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს, თუ რა კითხვები დაუსვეს მირზა სუბელიანს და ასევე არ დააკონკრეტეს, იცოდა თუ არა სუბელიანმა, რომ მისი და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი იწერებოდა.

„დღეის მდგომარეობით მოწმის სახით იქნა გამოკითხული მირზა სუბელიანი. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა, ძირითადი კითხვები დაესვა მას. ნაწილ კითხვებზე დღეის მდგომარეობით მიღებული იქნა პასუხი, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და კვლავ გამოცხადდება ბრალდების მხარე, პროკურატურა და დაესმევა მას ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემისგან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დღის ამბები