02 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
რუსთაველზე აქციებს გავაგრძელებ - ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.

სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და შს სამინისტროში გადაიყვანეს. უწყებაში მიმდინარე გამოკითხვისას ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია გაგრძელდება.

ზუსტად როდის გაიმართება სასამართლო უცნობია, თუმცა მის საქმეს ზედამხედველობას უწევს არა მთავარი პროკურატურა, არამედ ქვემო ქართლის პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მკვლელობის საქმეს იძიებენ და არ უნდათ რომ საზოგადოებას კითხვები დარჩეს. 

სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლას შვილის მკვლელების დასასჯელად გააგრძელებს.

„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება, პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

დღის ამბები