26 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
"საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება" - მმართველი გუნდი ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე 

საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები გამორიცხავენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნების მეორე ტურის წინ მიზანმიმართულად მოხდა.

საქმე ეხება გასულ წელს კლუბ ელცენტროში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ყოფილ პროკურორსა და ყოფილ სახელმწიფო აუდიტორს შორის, რომელზეც გამოძიება 2017 წელს დაიწყო, ბრალი კი ოთარ ფარცხალაძეს გუშინ წარედგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა  საარჩევნო კალენდარს არ უკავშირდება, რადგან გამოძიებას საკუთარი ვალდებულება და სტანდარტი აქვს.

„მე არ ვიცი დეტალები. ჩვენ ველოდებით პროკურატურა გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც იქნება უკვე საფუძველი,რომ ვნახოთ კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია რეაგირების ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევო კალენდართან დაკავშირება,მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება,“- ამბობს ეკა ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი კი ფიქრობს, რომ 2017 წელს დაწყებულ გამოძიების შედეგი დღეს მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი, რომ გამოძიებას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები. ხუციშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს მუდმივად ჰქონდა დისკომფორტი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ოთარ ფარცხალაძესა და სახელმწიფო აუდიტორს შორის გასულ წელს მოხდა. 

„ჩვენთვის ძალიან დიდი უხერხულობა არის ის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი,რომელიც არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი ადამიანი, თუკი მის სამსახურეობრივ მოვალეობას უკავშირდებოდა კონფლიქტი. მაშინ ალბათ გახსოვთ,რომ ეს კონფლიქტი მოხდა კლუბში და საკმაოდ ხმაურიანი ადგილი იყო და თორდიას მხრიდან,თუ არ ვცდები მომსწრე ამ ამბის არ იყო.მე ვფიქრობ,რომ ეს ართულებდა რეალურ მიზეზს იმისა,თუ რატომ დაიწყო კონფლიქტი.იმიტომ,რომ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი,სათვალთვალო კამერები ხმას არ იწერს“-ამბობს დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.

ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოთარ ფარცხალაძე დააკავონ კიდეც. ცქიტიშვილის თქმით, ეს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების გადასაწყვეტია. 

„იმ კითხვებზე,რომელიც საზოგადოებაში ჩნდება,როგორც ფარცხალაძეს,ასევე ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით,პასუხი აქვს გასაცემი გამოძიებას.ჩვენ ვნახეთ,რომ გამოძიება გასცემს პასუხს ამ კითხვებს და შესაბამისად ის პროცედურები, რომელიც იყო საჭირო როგორც ჩანს ამ პერიოდის განმავლობაში რომ წარდგენილიყო ბრალი იმ სტანდარტით რა სტანდარტზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს მომენტი დადგა დღეს,რასთანაც არის დაკავშირებული,რომ სწორედ დღეს ემთხვევა მისი სასამართლოში ბრალის წარდგენის საკითხი.არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას,მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გვაქვს სხვა და სხვა შემთხვევები, როდესაც პროკურატურის წარდგინებას არ დათანხმებია სასამართლო,“- ამბობს ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

უკვე ცნობილია, რომ სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. 

დღის ამბები