19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ვალების განულება, ზარი ივანიშვილისგან, ე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებზე - საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასება მოჰყვა

არათანაბარი საარჩევნო გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ერთი მხარის საფუძველს მოკლებული უპირატესობა, რომელმაც არჩევნებს დიდი ზიანი მიაყენა - ასეთი მწვავე და კრიტიკული შეფასება მიიღო საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ეუთო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორების დასკვნაში სიტყვები - დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, ნახსენები საერთოდ არ არის.

პირველი ტურის საკმაოდ მკაცრი შეფასებები შემდეგ ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმედი ჰქონდათ, რომ ვითარება გამოსწორდებოდა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო მათ 28 ნოემბერს უფრო გაუარესებული დახვდათ.

უცხოელი დამკვირვებლებისთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი 600 ათასი ამომრჩევლისთვის ვალის ჩამოწერა აღმოჩნდა. უცხოელი სტუმრები ხმის მიცემის დღეს ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ზარებმაც გააოცა.

ევროპელ დამკვირვებლებს არ გამოჰპარვიათ, რომ არჩვენების დღეს უბნებთან პარტიული კოორდინატორები იყვნენ მობილიზებულები.

კიდევ უფრო კრიტიკული და მწვავე იყო დღეს NDI-ის შეფასებები. მათი წარმომადგენლების შეფასებით, საარჩევნო გარემო შიშზე იყო დაფუძნებული, ასევე, გამოვლინდა ძალადობისა და შევიწროების ფაქტები. არჩევნების ლეგიტიმურობას და სანდოობა,ს NDI-ის დასკვნის მიხედვით, ქართველი ხალხი მალე შეაფასებს.

არჩევნებს თბილისსა და რეგიონებში აკვირდებოდნენ პოლონელი დამკვირვებლები, რომელთა შეფასებითაც, ეს ყველაზე ცუდი არჩევნებია, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში ჩაუტარებია.

კრიტიკულად აფასებენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საარჩევნო პროცესს უკრაინელი დამკვირვებლებიც. დამკვირვებლების შეფასებით, გუშინდელი პროცესი არ იყო თავისუფალი და აბსოლუტურად ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

უცხოელი დამკვირვებლები პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ საბოლოოდ დასკვნას 2 თვეში მოამზადებენ.

დღის ამბები