08 დეკემბერი 2024,   09:45
ვრცლად
თელავის მერიამ ოპოზიციას ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარედ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

თელავის მერიამ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას უარით უპასუხა. მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული საკმარისია იმისთვის, რომ პროტესტის გამოხატვას ხელი არ შეეშალოს.

„ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს, ვინაიდან ის ადგილი, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, შედის ღონისძიების ერთ-ერთ შემადგენელ ტერიტორიად. იცით, რომ ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოელი დელეგატი მონაწილეობას და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას, მათთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, მათთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია,“ - განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ოპოზიციამ მერიას ორი დღის წინ მიმართა და მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ტერიტორია ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის პერიმეტრზე ითხოვა.

დღის ამბები