06 ოქტომბერი 2024,   11:37
ვრცლად
როგორც ჩანს რეგლამენტი არ იცით სიღრმისეულად... ლაპარაკში ვერ გვაჯობებთ - კამათი მმართველი გუნდის წევრებს შორის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ეკა ბესელიას მიერ სამი კანდიდატის დასახელებას „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ფაქტობრივად, სხდომა გედევან ფოფხაძის პირველ მოადგილედ არჩევის მიზნით ჩატარდა.

„ხუთშაბათს ჩვენ გვქონდა ერთადერთი საკითხი გედევან ფოფხაძის არჩევასთან დაკავშირებით. სახელობით და გვარით იყო გედევან ფოფხაძის კანდიდატურა შესაბამისად სავსებით ლეგიტიმურია გედევან ფოფხაძის კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენება.  რაც შეეხება სამ კანდიდატურას, მე ვფიქრობ რომ ეს არის 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევა,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის ამ განცხადებას ეკა ბესელიას მიერ, მოადგილეობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულმა ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა. გოგიჩაიშვილის განცხადებით, იონათამიშვილი რეგლამენტში სიღრმისეულად ვერ ერკვევა.

„თუ გინდა დაიცავი პროცედურა, დამშვიდდი, რატი. რომ იცოდეთ საკითხი რას ნიშნავს იცით? მინდა გადავუთარგმნო მოსახლეობას რასაც ლაპარაკობ. კალამბურები არავის სჭირდება. როგორც ჩანს სირღმისეულად ვერ ერკვევით რეგლამენტში. აქ შინაარსზე არ არის საუბარი, საუბარია საკითხზე,  აქ საუბარია პირველი მოადგილის არჩევაზე,“-განმარტა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.

გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1.

ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კენჭისყრაზე მეორედ დააყენა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი.

კენჭისყრის მეორე ტურში გედევან ფოფხაძეს შვიდი ხმა ერგო. შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები