21 ოქტომბერი 2020,   01:19
ვრცლად
"ვენეციის კომისიამ" ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას" - სალომე სამადაშვილი

"ორიანი ვენეციის კომისიისგან" - ასე შეაფასა ოპოზიციამ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ უცხოელი ექსპერტები პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევას არ ელოდებიან. 

„ეს არის პირდაპირ განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია, დღევანდელი პარლამენტის პირობებში ურავლესობა უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელ მოსამართლეებს არ დანიშნავს და ეს არის რეალურად განაცხადი ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციის, რომლითაც არის ყველაფერი ნათქვამი. შეფასებულია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ვენეციის კომისიამ დღეს, ფაქტობრივად, მე ვიტყოდი, რომ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს. რეკომენდაციების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევის მეთოდი არ ეფუძნებოდეს პოლიტიკურ ან პირად განხილვებს. დასაშვებობის კრიტერიუმი საკმარისად ფართო უნდა იყოს კანდიდატთა და წარდგენილ პირთა მრავალფეროვნებისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები