21 ოქტომბერი 2020,   00:34
ვრცლად
„ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის“ - ბესელია "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციებზე

„ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება ვენეციის კომისიის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს.

ეკა ბესელიას შეფასებით, ვენეციის კომისიამ ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა.

„როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან იუსტიციის საბჭოს, რომ რეკომენდაციაც კი არის გადმოცემული, რომ ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება და ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ იუსტიციის საბჭოს არა აქვს ნდობა, ამ პარლამენტსაც არ აქვს ნდობა იმიტომ, რომ პარლამენტი ირჩევს საბოლოოდ,“ - განაცხადა ბესელიამ.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს. რეკომენდაციების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევის მეთოდი არ ეფუძნებოდეს პოლიტიკურ ან პირად განხილვებს. დასაშვებობის კრიტერიუმი საკმარისად ფართო უნდა იყოს კანდიდატთა და წარდგენილ პირთა მრავალფეროვნებისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები